კომპანია Doppelmayr-ში გუდაურის საბაგიროს დაზიანების მიზეზებზე კვლავ ვერ საუბრობენ
კომპანია Doppelmayr-ში გუდაურის საბაგიროს დაზიანების მიზეზებზე კვლავ ვერ საუბრობენ

გუდაურში დამონტაჟებული საბაგიროს მწარმოებელ კომპანია Doppelmayr-ში, საბაგიროს დაზიანების მიზეზებზე ამ ეტაპზე, კვლავ ვერ საუბრობენ.

როგორც პირველ არხს კომპანიის წარმომადგენელმა ეკარდ ასმანმა განუცხადა, მათ ჯერჯერობით არ აქვთ საშუალება საბაგიროს დანადგართან მივიდნენ.

„ამ დროისთვის, ადგილზე მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან, ადგილზეა პოლიციაც. ამ წუთისთვის ჩვენ არ გვაქვს უფლება მივუახლოვდეთ საბაგიროს დანადგარს. მიზეზებზე, თუ რამ გამოიწვია საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა, ჯერ ვერაფერს ვიტყვით“, – განაცხადა ეკარდ ასმანმა.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. მათგან რვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს – შვიდი ღუდუშაურის კლინიკაში, ხოლო ერთი „მედიქლაბში“.  ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხუთი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.

დაშავებულებს შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.