კომპანია „ბორჯომი“ - განვაგრძობთ დიალოგს თანამშრომლებთან, ქარხნების მუშაობის განახლებას ხელს უშლის უპასუხისმგებლო მოქმედებები
კომპანია „ბორჯომი“ - განვაგრძობთ დიალოგს თანამშრომლებთან, ქარხნების მუშაობის განახლებას ხელს უშლის უპასუხისმგებლო მოქმედებები

ერთადერთი ფაქტორი, რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, არის უპასუხისმგებლო მოქმედებები შექმნილი ვითარების გამო, – ამის შესახებ IDS ბორჯომი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ თანამშრომლებთან დიალოგს განაგრძობენ.

„გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. უკვე მესამე დღეა, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია. წარმოების პროცესის შეჩერება სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირებამ გამოიწვია, რომელიც ინიცირებული იყო პროფკავშირების ლიდერის და სხვა აქტივისტების მიერ. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აგრძელებს დიალოგს თანამშრომლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა. ერთადერთი ფაქტორი რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, არის უპასუხისმგებლო მოქმედებები, რომლებიც ქარხნებში სატრანსპორტო შესასვლელებს ბლოკავს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მეოთხე დღეა, აქციას მართავენ. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.

ორი დღის წინ მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი „ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ობოლაშვილმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა მზადაა, ანაზღაურებასთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს, თუმცა საწარმოს პრინციპული მიდგომაა, რომ მოლაპარაკებებში მესამე პირის ჩართვა საჭირო არაა.

ასევე, გაფიცულები პრინციპულად აცხადებენ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.