კომპანია „არქიმ“ თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის ნობათები გადასცა
კომპანია „არქიმ“ თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის ნობათები გადასცა

კომპანია „არქიმ“ თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და რაიონის გამგებლები დაესწრნენ.

თბილისის მერის განცხადებით, ბიზნესსექტორის მხრიდან აქტიური თანადგომა და მხარდაჭერაა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობს, დაინტერესებულ პირებს კი პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ეს არის ადგილი, სადაც იმ პროდუქტების თავმოყრა ხდება, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესექტორისგან ვიღებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდია თანადგომა და მხარდაჭერა. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად უჭირს და ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. ბიზნესმა გამოთქვა პროცესში ჩართვის სურვილი. დღეს „არქის“ წარმომადგენლებმა მოიტანეს შესაბამისი პროდუქტები, რათა დღეიდან გადავანაწილოთ და დავარიგოთ თბილისის ათივე რაიონში იმ ადამიანებთან, ვინც ელემენტარულად ვერ ახერხებს სახლიდან გამოსვლას და არიან რისკჯგუფში. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ პროექტში, დაგვიკავშირდეს მერიის ცხელ ხაზზე და ჩვენ ვეტყვით ყველაფერს, თუ როგორ უნდა მოხდეს პროდუქტების მოწოდება. მადლობა კომპანია „არქის“ და ყველა იმ ადამიანს, იმ მოხალისეებს, ვინც ჩართულია ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცათ. ნობათების დარიგების პროცესს ასევე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია მომვალშიც გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ

დატოვე კომენტარი