გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში ვაქცინაციისთვის 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში ვაქცინაციისთვის 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის ცვლილების მიზანია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის პროგრამების ხელშეწყობა და პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯები.

„პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების მიმართულებით 446 მილიონი იქნა დამატებული. ჯამში პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯები 846 მილიონი გვაქვს. ეს რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი თანხაა, დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული უკვე ვაქცინაციისთვის, რაც სრულყოფილად ფარავს იმ ნიშნულს, რაც არის 60 %-იანი მოცვა ჩვენი მოსახლეობის. შესაბამისი მოლაპარაკებებიც დასრულებულია და როგორც ვაქცინის შეძენის ნაწილი, ასევე ვაქცინაციის პროცესისთვის ყველა ინსტრუმენტი უკვე არსებობს. ალბათ თითოეული ჩვენგანის ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს მაქსიმალურად მოცული, მთელი მოსახლეობა იყოს მოცული და ამ კუთხით აქტიური ნაბიჯები იქნება გადასადგმელი როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ასევე თითოეული უწყების, ჩვენი მოქალაქის მხრიდანაც“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ბიუჯეტში ცვლილებებს დადებითად აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

„როგორც სახელმწიფო აუდიტმა, ასევე ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად უცვლელად დააბრუნა თავისი შენიშვნები. ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტი 3,4 პროცენტიდან  7,7  პროცენტამდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7,6 პროცენტიდან 6,9 პროცენტამდე, რაც კარგია. სამთავრობო ვალი ასევე 60 %-ის ზემოთ რომ იყო, 54,6 პროცენტამდე მცირდება, 5,4 პროცენტით და ესეც ძალიან კარგია. ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება მილიარდ 175 მილიონი ლარით და გადასახდელებს ზრდის მთავრობა მილიარდ 114 მილიონი ლარით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს თითქმის 19,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კანონპროექტს ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.