კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა იკამათეს [ვიდეო]

პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა იკამათეს.

დეპუტატებს შორის კამათის მიზეზი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და სპორტული ინფრასტრუქტურის საკითხი იყო.

გოგიჩაიშვილის თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ  პროგრამასთან შეუსაბამოა.

„ეს ბიუჯეტი პროგრამის აღსრულების მექანიზმი არ არის. ბიუჯეტში პოლიტიკა, რაც უნდა განხორციელდეს მასობრივი სპორტის განვითარების თვალსაზრისით, გათვალისწინებული არ არის და ამის გაკეთებას არ აპირებენ. ეს ბიუჯეტი არის პოპულისტური, გათვლილია 2020 წლის არჩევნების საყიდლად. ყველაზე მეტად ჩემი კოლეგების მიკვირს, რომლებიც არაფერს აკეთებენ და სხვასაც  არ აძლევენ საშუალებას, საქმე გაკეთდეს. რამდენიმე ჩინოვნიკის იმედად უნდა ვიყოთ, როდის გაიღვიძებენ, როდის დაუკვეთენ კვლევას, როდის განიხილავენ დეპუტატები, რომელთაც საკუთარი ინტერესის გარდა, არაფერი აინტერესებთ. ხელში თხის კუდი დაგვრჩება ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენმა შვილებმა და საზოგადოებამ ჯანსაღ სივრცეში იარონ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებაში უუნარო, არაფრის მაქნისი, საკუთარ ეგოცენტრზე მორგებული ადამიანები არიან და ბევრი დეპუტატი უპასუხისმგებლოდ იქცევა.