კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება.

შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

მთავრობა კომერციული ატაშეს ინსტიტუტის გაუქმების მიზეზს განმარტავს და კანონპროექტში აღნიშნავს, რომ „კომერციული ატაშეს“ სტატუსი შედარებით დაბალია და მას შესაძლოა პრობლემები შეექმნას უცხო ქვეყნის მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს.

საგარეო უწყების მოსაზრებით, სავარაუდოდ შეიქმნება სირთულეები კომერციული ატაშესა და დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელს შორის, რადგან საელჩოს ხელმძღვანელს არ ექნება საშუალება გააკონტროლოს კომერციული ატაშეს ქმედებები და გაწეული ხარჯების მიზნობრიობა და ასევე, კომერციულ ატაშეს, მაღალი კვალიფიკაციის მიუხედავად, არ ექნება დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება.

აღმასრულებელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, ზემოაღნიშნულ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისროს, რომელიც მათი ცნობით, დაფარავს მხოლოდ ეკონომიკურ და კომერციულ მიმართულებას წინასწარ შეთანხმებული გეგმით; იდენტიფიცირებას მოახდენს და იმუშავებს მაღალი დონის პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, რომლებიც დაეხმარებიან ქვეყანაში/რეგიონში ქართული ბიზნეს-ინტერესების დაცვასა და ლობირებაში;

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში კომერციული ატაშეს ინსტიტუტის 2016 წელს შეიქმნა, თუმცა დღემდე ამ თანამდებობის პირების დანიშვნა არ მომხდარა. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებზე დესპანს, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ დესპანის დანიშვნით ხაზი გაესმევა პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ დაინტერესებას და ხარისხს. ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 წლიდან ეკონომიკური დესპანების დანიშვნას სამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში გეგმავს, კერძოდ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; ჩინეთის რესპუბლიკასა და სან ფრანცისკოში.