კომერციულ ბანკებს იმედი აქვთ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდება
კომერციულ ბანკებს იმედი აქვთ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდება

კომერციულ ბანკებს იმედი აქვთ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.

ბანკირები აცხადებენ, რომ კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან გრძელდება.

„კონსულტაციები მიმდინარეობს ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ამ საკითხზე მუშა ჯგუფი მუშაობს“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის თქმით კი, ბანკების სურვილია, რეგულაციებიდან გამოქვეყნებიდან ამოქმედებამდე ორი კვირა ან ერთი თვე გავიდეს.

„ჩვენი სურვილია, რომ ხელმოწერიდან, ანუ საბოლოო დოკუმენტის გამოქვეყნებიდან მის ძალაში შესვლამდე იყოს გარკვეული პერიოდი, ორი კვირა თუ ერთი თვე, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკებს დანერგონ საკუთარ სისტემებში ახალი რეგულაციები. კონსულტაციები დღესაც მიმდინარეობს. მიდის რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობა“, – აღნიშნა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის თქმით, უფრო დიდი ალბათობაა, რეგულაციები არა 15 ნოემბრისთვის, არამედ უფრო გვიან ამოქმედდეს.

ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება თავდაპირველად პირველი ნოემბერს იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ცვლილებები მოგვიანებით შევა ძალაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

დატოვე კომენტარი