კოლუმბიის უნივერსიტეტში პოლიციამ პროპალესტინური დემონსტრაციის მონაწილე ათობით სტუდენტი დააკავა
კოლუმბიის უნივერსიტეტში პოლიციამ პროპალესტინური დემონსტრაციის მონაწილე ათობით სტუდენტი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებს უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ნაწილი ჰქონდათ დაკავებული.
როგორც „როიტერი“ წერს, ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 40-დან 50-მდე სტუდენტი.
„ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. თუმცა ძალადობა, ვანდალიზმი ან საკუთრების განადგურება აბსოლუტურად მიუღებელია“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ქეითი ჰოჩულმა.
პოლიცია უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეტყობინების საფუძველზე მივიდა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წევრები აცხადებდნენ, რომ დემონსტრანტ სტუდენტებს ოკუპირებული ჰქონდათ ბიბლიოთეკის მეორე სართულზე მდებარე სამკითხველო დარბაზი.
კოლუმბიის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ნიუ იორკის პოლიციის დახმარება ითხოვეს შენობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სასწავლო დაწესებულებაში ასევე აღნიშნავენ, რომ დაპირისპირებისას დაშავდა უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი.
გასულ წელს უნივერსიტეტებში გამართული პროპალესტინური პროტესტები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა. პრეზიდენტმა დემონსტრაციებს ანტისემიტური უწოდა. ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე სასწავლებელს, მათ შორის კოლუმბიის უნივერსიტეტს დაფინანსება შეუჩერა. ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭო ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ორშაბათს პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა დაიკავეს ვაშინგტონის უნივერსიტეტის შენობა. ისინი ითხოვდნენ, რომ სასწავლო დაწესებულებას შეეწყვიტა თანამშრომლობა კომპანია „ბოინგთან“, რომელსაც ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან აქვს კონტრაქტები. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის 34 მონაწილე. მათგან 21-ს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა და მათ სასწავლებლის ყველა კამპუსის შესვლა აეკრძალათ.