კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციას დაავალა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, მაიკლ ფლინის საქმე შეწყდეს
კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციას დაავალა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, მაიკლ ფლინის საქმე შეწყდეს

კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ მის ქვედა ინსტანციას, ფედერალურ სასამართლოს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, მაიკლ ფლინის საქმის შეწყვეტა დაავალა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გენერალი მაიკლ ფლინი დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის თებერვალში გადადგა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მან ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს აშშ-ში რუსეთის მაშინდელ ელჩთან, სერგეი კისლიაკთან გამართული საუბრის შესახებ ინფორმაცია დაუმალა. მოგვიანებით, მაიკ ფლინმა დამნაშავედ ცნო თავი, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს კისლიაკთან კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დაუმალა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ჯეიმს კომი და მისი ბინძური პოლიციელების ბანდა აპირებს გენერალ მაიკლ ფლინისთვის (და სხვა მრავალისთვის) ბოდიშის მოხდას იმის გამო, თუ როგორ დაუნგრიეს მას ცხოვრება? რას იტყვით რობერტ მიულერსა და მის განრისხებულ დემოკრატ გულითად მეგობრებზე – აპირებენ ისინი თქვან, ვწუხვართ? რას იტყვით ობამასა და ბაიდენზე?“, – წერს დონალდ ტრამპი.