კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, დანგრეულია შენობები

19:07, 10.08.2026

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, დანგრეულია შენობები, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათზე მოხდა. ეპიცენტრი კოლუმბიის ქალაქ სან-ხოსე-დელ-პალმართან დაფიქსირდა, ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტადან დაახლოებით 400 კილომეტრში. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებს შორისაა მანისალესი, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან აღმოსავლეთით მდებარეობს.

კოლუმბიის ქალაქ კალიში, რომელიც ბოგოტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა. ქალაქის მერის, ალეხანდრო ედერის განცხადებით, დაახლოებით 20 შენობა დაინგრა და ადამიანები ამ დრომდე ნანგრევებში არიან. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ადამიანები ნანგრევების ხელით გაწმენდას და ჩამონგრეულ შენობაში მოყოლილი ადამიანების მოძებნას. მიწისძვრის გამო ქვეყნის ექვს აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესს პირადად გააკონტროლებს. მისი გადაწყვეტილებით, მიწისძვრის ეპიცენტრში, სან-ხოსე-დელ-პალმარში ერთიანი საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა, რომლის მიზანიც დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევაა.

 

მსგავსი