კოლუმბიაში ანტიკორუფციული რეფერენდუმი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა
კოლუმბიაში ანტიკორუფციული რეფერენდუმი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა

კოლუმბიაში ანტიკორუფციული რეფერენდუმი მოქალაქეების დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე მხოლოდ 11,6 მილიონი ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის მესამედზე ნაკლებია.

რეფერენდუმი ანტიკორუფციული კანონმდებლობის გამკაცრებას ეხებოდა და საჭირო იყო სულ მცირე 34 პროცენტიანი აქტივობა.

აღსანიშნავია, რომ წელს კოლუმბიელებს საარჩევნო უბნებზე მისვლა უკვე მესამედ მოუწიათ. მანამდე ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

რეფერენდუმზე მოქალაქეების მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, კოლუმბიის ხელისუფლება ვალდებული იქნებოდა, მიეღო შვიდი ანტიკორუფციული ზომა, მათ შორის დეპუტატების ხელფასების შემცირება, სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის ვადის შემცირება, კორუფციულ საქმეებში ბრალდებულებისთვის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა, დეპუტატებისა და მთავრობის წევრების ქონების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და ა.შ.

საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, კოლუმბიის ბიუჯეტი კორუფციის გამო ყოველწლიურად 17 მილიარდ დოლარს კარგავს.

კოლუმბიაში კანონმდებლების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 10 500 დოლარს აღემატება მაშინ, როდესაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 260 დოლარს შეადგენს.