„კოლხეთმა" „სიონი" აუტსაიდერებში დატოვა
„კოლხეთმა" „სიონი" აუტსაიდერებში დატოვა

ფოთის “კოლხეთმა” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა. ზესტაფონში გამართულ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში კოლხებმა მეტოქეს აჯობეს და სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვეს.

ანგარიში მე-6 წუთზე საჯარიმო დარტყმით გიორგი კახელიშვილმა გახსნა – მართალია, მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი ბურთს შეეხო, მაგრამ გუნდი ვერ გადაარჩინა.

ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას “სიონი“ ფლობდა, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლა. ფოთელებმა კი თავისი შანსი გამოიყენეს: მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე ლუკა იმნაძემ ბოლნისელები კონტრშეტევაზე გამოიჭირა და მეკარესთან პირისპირ გასულმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა – “კოლხეთმა” მეტოქე 2:0 დაამარცხა.

სიონმა” ზედიზედ მეექვსე შეხვედრა ვერ მოიგო და რვა ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო “კოლხეთი” 12 ქულით აუტსაიდერთა ზონას ოთხი ქულით დაშორდა.