„კოლხეთის" პირველი კომენტარი მკაცრ ვერდიქტზე - გამოიძიონ საქმე, მაგრამ ნუ დასჯიან ფოთსა და მის გუნდს
„კოლხეთის" პირველი კომენტარი მკაცრ ვერდიქტზე - გამოიძიონ საქმე, მაგრამ ნუ დასჯიან ფოთსა და მის გუნდს

ფოთის “კოლხეთი” მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა გუნდს ექვსი ქულა დააკლო და მის ხუთ მოთამაშეს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

შეგახსენებთ, უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე, დადგინდა, რომ “კოლხეთი 1913”-ის რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას. ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია კი შემდეგ მოთამაშეებს მიეცათ – ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიასა და თორნიკე ჯიმშელეიშვილს.

დღეს ფოთელთა წარმომადგენლები კომენტარზე უარს ამბობდნენ. პირველ არხთან ექსკლუზიურ კომენტარს “კოლხეთის” დირექტორი, ლევან სართანია დათანხმდა.

„დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, მე მიწოდებულ მასალებს გავეცანი და დავთანხმდი, მაგრამ, რეალურად საქმე სხვაგვარადაა. გუნდის დირექტორი ვარ და უეფა-ს რაპორტები ჩავიბარე და ოფიციალურად დავადასტურე – ეს მიღებული წესია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაპორტში მოყვანილ ყველა ბრალდებას ვეთანხმები. ეს ჯერ ეჭვებია და არა დადასტურებული ფაქტები. თავად ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული, ზუსტად ვიცოდეთ, “კოლხეთში” რეალურად რა ხდებოდა და სადაა სიმართლე. ჩემთვის მიუღებელია ეჭვების საფუძველზე ექვსი ქულის დაკლება – სანქციას ამის გამო არ ვეთანხმები.

ჩემი თხოვნაა, საქმე ბოლომდე გამოიძიონ. ჩვენს ზურგს უკან ვიღაც თუ მაიმუნობდა და ეს დაუმტკიცდება, ხელს არავის დავაფარებ. სასჯელი ამ კუთხითაც გაუგებარია – ბრალს თუ დაუმტკიცებენ, ასეთ შემთხვევაში ექვსი თვით კი არა, 2-3 წლით თამაში აუკრძალონ, მაგრამ ნუ დასჯიან ფოთსა და მის გუნდს” – ამბობს სართანია.