კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება კიდევ ოთხი წელი იქნება დაშვებული
კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება კიდევ ოთხი წელი იქნება დაშვებული

კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება 2028 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას მოხდება.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თხევად საწვავზე მომუშავე ნავების გამოყენება დაშვებული იყო 2024 წლის 1-ელ იანვრამდე, თუმცა მთავრობამ პარლამენტს შესაბამისი ვადის ოთხი წლით – 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევის ინიციატივით მიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ ცვლილებები აუცილებელია კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორთა გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით. მათი ინფორმაციით, ელექტროძრავები, რომლის დამონტაჟებასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს, საკმაოდ ძვირია.

სამინისტროს ცნობით, კანონით განსაზღვრულია ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებული საქმიანობები, მათ შორის ეკოტურიზმი (ვიზიტორთა გადაადგილება) და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ცხოველების ლიმიტირებული ძოვება, თიბვა, თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება.

„კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს პალიასტომის ტბასაც, სადაც ხორციელდება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით/პონტონებით როგორც ვიზიტორთა მომსახურება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თივის (ალტერნატიული სათიბები არ არსებობს) და სათბობი შეშის გადატანა. აღსანიშნავია, რომ ელექტროძრავები, რომლის დამონტაჟებასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს, საკმაოდ ძვირია და ერთი 25 ც.ძ. ელექტროძრავის ღირებულება ადგილზე დაახლოებით 17 000 ევროს შეადგენს, რომელსაც ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები დაემატება. აღნიშნული ხარჯის გაწევას ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, ვერ შესძლებს.

რაც შეეხება ვიზიტორების მომსახურების მიზნით პონტონის ელექტროძრავებს, ისინი კიდევ უფრო ძვირი ღირს და მათ შესაძენად შეკვეთა წინასწარ უნდა განხორციელდეს. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ პონტონზე, დღეის მდგომარეობით, დამონტაჟებულია ორი ერთეული თხევად საწვავზე მომუშავე 75 ც.ძ. ძრავი. შეძენილი უნდა იქნას რვა ერთეული 80 ც.ძ. ელექტროძრავი, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ არსებული თხევადსაწვავიანი ძრავები გამართულია და მუშა მდგომარეობაშია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ უახლოესი სერვისცენტრი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ელექტროძრავების მომსახურებას განახორციელებს, სტამბოლში მდებარეობს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ვიზიტორთა მომსახურებას დამატებით უდიდეს პრობლემებს შეუქმნის“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.