„კოლხეთი 1913“-მა ფეხბურთელების სახელფასო დავალიანების გადახდა ვერ შეძლო, კლუბს სანქცია ემუქრება
„კოლხეთი 1913“-მა ფეხბურთელების სახელფასო დავალიანების გადახდა ვერ შეძლო, კლუბს სანქცია ემუქრება

საფეხბურთო კლუბმა „კოლხეთი 1913“ ვერ შეძლო ვალის გადახდა, რათა გასულ სეზონზე მოასპარეზე ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება დაფარულიყო. საუბარია დაახლოებით 45 ათასი ლარის ოდენობით დავალიანებაზე.

„კოლხეთი 1913“-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ამის გამო, სავარაუდოდ, შესაბამისი სპორტულ-ტექნიკური კომისია აამოქმედებს სანქციას და გუნდს ექვსი ქულა დააკლდება, ეს კი, კლუბისთვის სატურნირო მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებას გამოიწვევს.

„გუნდმა ვერ გადაიხადა დათქმულ დროს ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება. დიდი ალბათობით გუნდს ექვსი ქულა მოაკლდება, რაც ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადასაწყვეტია. სპონსორული შემოწირულობები არის მიზერული, რაც არანაირ დავალიანებას არ ჰყოფნის. დირექტორად ახალი დანიშნული ვარ. ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ დავეხმარე გუნდს და უახლოეს მომავალში მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა გუნდში ამ პოზიციაზე“, – განაცხადა ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის დირექტორმა, ზაზა ინაშვილმა.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერიასთან იყვნენ შეკრებილები და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.