კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთს ხმის მიცემის უფლება შეუჩერა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა სომხეთს ორგანიზაციაში ხმის მიცემისა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლების წარდგენის უფლება შეუჩერეს.
გადაწყვეტილება მოსკოვში გამართულ სამიტზე მიიღეს. ინფორმაციას სომხური მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
პესკოვის განცხადებით, გადაწყვეტილება ორგანიზაციის წესდების საფუძველზე მიიღეს, რადგან სომხეთი რამდენიმე წლის განმავლობაში წევრობით გათვალისწინებულ ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებდა.
ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში საწევრო შენატანებს თუ არ იხდის, მას შესაძლოა, შეუჩერდეს ხმის მიცემისა და ორგანიზაციის თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის უფლება. შეზღუდვები დავალიანების სრულ დაფარვამდე მოქმედებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთი 2024 წლიდან ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანებს აღარ იხდის.
ამასთან, მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სომხეთს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებს არ ართმევს.
ცნობისთვის, სომხეთმა ორგანიზაციაში მონაწილეობა 2024 წლის თებერვალში შეაჩერა. პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ორგანიზაციამ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებები არ შეასრულა, მათ შორის აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს. ხმის მიცემის უფლების შეჩერების მიუხედავად, სომხეთი ორგანიზაციის წევრად ფორმალურად რჩება.