კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე სომხეთის დახმარების შესახებ იმსჯელებს
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე სომხეთის დახმარების შესახებ იმსჯელებს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სომხეთის დახმარების შესახებ იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომა ხვალ, 28 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ „ტელეგრამით“ გავრცელებულ განცხადებაში.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს რიგგარეშე სესიის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ სომხეთში გაგზავნილი მისიის მუშაობა შეფასდება. ასევე დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკისთვის დახმარების ერთობლივი ზომების განხილვაც“,  – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, სესია ონლაინრეჟიმში გაიმართება.

კრემლში აცხადებენ, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ამასთან, როგორც ცნობილია, ოქტომბრის ბოლოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში გაემგზავრება, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

სექტემბრის დასაწყისში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია დაიძაბა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მაშინ განაცხადეს, რომ ვითარება დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.