კოკა კაციტაძემ სტრასბურგში დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კოკა კაციტაძემ სტრასბურგში დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ქალაქ სტრასბურგში დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის (IPCAN) რიგით მე-8 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა ქსელის (Independent Police Complaints Authorities’ Network) წევრი ოფიციალურად გახდა.

საერთაშორისო ქსელი ინგლისისა და უელსის, საფრანგეთის, ბელგიის, ირლანდიის, დანიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოუკიდებელ საგამოძიებო სამსახურებსა და ომბუდსმენის ინსტიტუტებს აერთიანებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ მიზანს, წევრი ინსტიტუტების კოორდინირებული მოქმედებების გზით, მათი გაძლიერება, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

წლიური შეხვედრა საერთაშორისო ქსელის ახალი წევრების – საქართველოს, პოლონეთისა და სლოვენიის წარდგენას, თანამშრომლობის გაძლიერებას და წევრი ქვეყნების მიერ ერთობლივად მისაღები დეკლარაციის განხილვას მიეძღვნა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს მოქალაქეთა უფლებების დაცვის და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კოკა კაციტაძემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ქსელში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უწყების გაძლიერების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მან, ასევე, კოლეგა უწყებათა საქმიანობის გაცნობის, მათთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებისა და ქსელის ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

„„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების 2017-2020 წლების დღის წესრიგის“ თანახმად, ქვეყანამ აიღო პასუხისმგებლობა, არასათანადო მოპყრობასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განეხორციელებინა. შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მისიაა, შექმნას არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის გარანტიები, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიებით მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცველების მხრიდან გადაჭარბებული, არაპროპორციული და უკანონო ძალის გამოყენების ფაქტებზე. ამასთან, დადებითი გავლენა იქონიოს სამართალდამცავ ორგანოებზე სისტემის გაჯანსაღების, განვითარებისა და ეფექტური მუშაობის თვალსაზრისით“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ ქალაქ სტრასბურგში, დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებების საერთაშორისო ქსელის წლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებების საერთაშორისო ქსელის (IPCAN) რიგით მე-8 წლიური შეხვედრა 2023 წლის წლის 23 მაისს საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დამცველი და IPCAN-ის თავჯდომარე კლერ ჰედონი უძღვებოდა.

შეხვედრას საფრანგეთის, ბელგიის, დანიის, ინგლისის და უელსის, ირლანდიის, სლოვენიის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ნორვეგიის დამოუკიდებელი საზედამხედველო და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.