კოკა კაციტაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს უმანსპინძლა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, არგიშთი კიარამიანს და მის მოადგილეს, არსენ აივაზიანს უმანსპინძლა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის მიზანს სხვადასხვა საგამოძიებო მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ სტუმრებს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ფუნქციები და ის რეფორმები გააცნო, რომლებიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტების დასამკვიდრებლად გაატარა.
ასევე, ყურადღება გამახვილდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ ინიციატივებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის მოქალაქეებისთვის საქმის მასალებთან წვდომის შესაძლებლობის მიცემაზე, დაცვის სპეციალური ღონისძიებების დანერგვასა და ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის შემუშავებაზე.
სამსახურის უფროსმა მოადგილეებთან, გიორგი კვარაცხელიასა და ნათია სონღულაშვილთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის დელეგაციის წევრებს ქალაქ ქუთაისში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოფისში უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს საგამოძიებო მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და გენერალური კონსული ნარინე მატოსიანი ესწრებოდნენ.