კოკა კაციტაძე - საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, გაძლიერდა სამსახურის ფუნქციური დამოუკიდებლობა
კოკა კაციტაძე - საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, გაძლიერდა სამსახურის ფუნქციური დამოუკიდებლობა

საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, გაძლიერდა სამსახურის ფუნქციური დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ პარლამენტის კომიტეტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კოკა კაციტაძემ აღნიშნა, ევროკომიის 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ეხება. სწორედ ამ მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში  აქტიურად იყო ჩართული.

„გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების, ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებლობით გამოწვეული მიზნების დასაძლევად და უწყების ფუნქციური დამოუკიდებლობის უფრო მეტი კომპონენტის მოსაპოვებლად, სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა, რომლის საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი გაიზარდა და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების უფლებამოსილება მიენიჭა. ეს ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს დაუქვემდებაროს“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

როგორც კოკა კაციტაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიების  უფლება მიენიჭა, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურებას, უკანონო დაკავებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი სიყალბეს უკავშირდება (სსკ-ის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 369¹-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).

ცვლილების მიხედვით, არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებს (სსკ-ის 162-163 და 1644 მუხლები) სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძიებს, თუ მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ჩაიდენს. ასევე, სამსახურის ფუნქციებიდან გავიდა ის მუხლები, რომლებიც სამსახურის მიზნებთან არ იყო თავსებადი.

მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად, სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცათ, რათა მათ პატიმრების საჩივრებთან დაკავშირებით დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ.