კოკა კაციტაძე - საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციების გამიჯვნა მნიშვნელოვანი რეფორმაა, ახალ სამსახურს მხოლოდ სადამსჯელო ფუნქციით არ ვხედავ
კოკა კაციტაძე - საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციების გამიჯვნა მნიშვნელოვანი რეფორმაა, ახალ სამსახურს მხოლოდ სადამსჯელო ფუნქციით არ ვხედავ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატის, კოკა კაციტაძის განცხადებით, საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციების გამიჯვნა მნიშვნელოვანი რეფორმაა და ახალ სამსახურს ის მხოლოდ სადამსჯელო ფუნქციით არ ხედავს.

ამასთან, როგორც კაციტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა და ფუნქციების გაყოფა მნიშვნელოვანია.

„პირველი მარტიდან ამ სამსახურს ემატება 40 ახალი დანაშაულის ქვემდებარეობა, შესაბამისად, ეს სამსახური ვერ იქნება ხელმძღვანელის გარეშე და არასათანადო მოპყრობის ფაქტები ვერც დარჩება გამოძიების გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომ ფუნქციების გამიჯვნა ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის მთელი რესურსი მიმართული იქნება არასათანადო მოპყრობის გამოძიებისკენ და აღარ იქნება ის რისკი, რომლის თანახმადაც, პერსონალური მონაცემების დაცვასა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლთან ერთად უფროსმა უნდა განახორციელოს ასევე საგამოძიებო მიმართულებით აქტიური მუშაობა“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

კოკა კაციტაძემ ისაუბრა საკუთარ ხედვებზე და აღნიშნა, რომ სამსახურის განვითარების და დამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით თავისი ხედვა აქვს.

„მე ამ სამსახურს არ ვხედავ მხოლოდ სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დანაშაულის პრევენციის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ამ თანამშრომლობის რეჟიმით თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ახალი დანაშაული. გარდა ამისა, მექნება ჩემი ხედვა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ვაპირებ, რომ პრაქტიკაში დავნერგო წესი, რომ დაზარალებულ მოქალაქეებს მივცე უფრო მეტი წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან, აქტიურად გამოვიყენო დაზარალებულთათვის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვა. მნიშვნელოვანი იქნება ის პრაქტიკული წესი, რომლის თანახმადაც საგამოძიებო ორგანოს ექნება შესაძლებლობა მიმართოს პენიტენციურ სამსახურს პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე. ასევე მაქვს ჩემი ხედვა სამსახურის განვითარებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით“, – განაცხადა კარლო კაციტაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენს. აღნიშნულ თანამდებობაზე ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებია წარდგენილი.