კოკა კაციტაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა
კოკა კაციტაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კოკა კაციტაძემ დიპლომატს სამსახურის ფუნქციები და გაზრდილი უფლებამოსილება გააცნო. ასევე ყურადღება გაამახვილა სამომავლო პროექტებსა და რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც სამსახური სამოქმედო გეგმის ფარგლებში გეგმავს. აღინიშნა, რომ სამსახური ორიენტირებულია გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვასა და, ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვაზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობას საგამოძიებო მანდატის ფარგლებში ძალადობრივ დანაშაულთა გამოძიების მეთოდების გაცნობისა და ქართველ გამომძიებელთა გადამზადების შესაძლებლობის მხარდაჭერის საკითხებში.

შეხვედრაზე განიხილეს საპოლიციო საჩივრების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოების ქსელში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაწევრიანების საკითხი, რომლის სამდივნოსაც საფრანგეთის უფლებადამცველი უწევს ორგანიზებას. სამსახურის უფროსმა ქალბატონ შერაზ გასრის შეხვედრისთვის და ნაყოფიერი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრას შიდა უსაფრთხოების ატაშე ბატონი ოლივერ ლიფებრე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.