კოკა კაციტაძე - მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე
კოკა კაციტაძე - მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო უწყებაში შესული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც კოკა კაციტაძე ამბობს, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს შესაძლო დაზიანებაზე.

„გამოძიება გუშინ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს, შესაძლო დაზიანებაზე. ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით. ექსპერტიზა უკვე მიმდინარე რეჟიმში უნდა იყოს“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

კოკა კაციტაძის ინფორმაციით, დღეს გამოკითხვაზე ელოდებიან გია გაჩეჩილაძეს. „გია გაჩეჩილაძესთან საუბარი შედგა. დღეს ველოდებით გამოკითხვაზე“, – აღნიშნა კოკა კაციტაძემ.

ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სოსო გოგაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო. როგორც საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა გოგაშვილს დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მისი ადვოკატებიც აცხადებენ, რომ გოგაშვილს სახეზე და ტანზე აღენიშნება დაზიანებები, რის გამოც მათ მოთხოვნილი აქვთ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.