კოკა კაციტაძე - გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას შემდგომი გავრცელების მიზნით
კოკა კაციტაძე - გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას შემდგომი გავრცელების მიზნით

ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურომა კოკა კაციტაძემ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე განაცხადა.

როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე კაციტაძემ აღნიშნა, ამოღებული აუდიოჩანაწერების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით.

„დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

იმავდროულად, ამოღებული აუდიოჩანაწერების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით“,- განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ამასთან, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.

„საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.

გამოძიების ფარგლებში, ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით. ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები“,- განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ინტენსიურად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს გამოძიების პროცესში მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ინტენსიურად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“,- აღნიშნა კოკა კაციტაძემ.