კოკა კაციტაძე - ჩვენი სამი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვაა
კოკა კაციტაძე - ჩვენი სამი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვაა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამსახურის სამ პრიორიტეტზე ისაუბრა.

მისი თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის სამი მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოძიების მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვა წარმოადგენს, რომლის სრულყოფილი შესრულებისკენაც სამსახურს კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს.

„მსოფლიოს ყველა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოს მთავარი გამოწვევა საზოგადოებაში ნდობის მოპოვებაა. საგამოძიებო ორგანოები თავიანთი სამართლებრივი სტატუსიდან, საიდუმლო და არასაიდუმლო რეჟიმში მუშაობის წესებიდან და საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან ხშირად დახურულ უწყებად აღიქმებიან. რა თქმა უნდა, ახლად შექმნილი საგამოძიებო ორგანო – სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ზემოხსენებული სირთულეების და გამოწვევების წინაშე დგას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს სამ მთავარ პრიორიტეტად მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვა ავირჩიეთ“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.