ტაბახმელაში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ბატალიონის ოცმეთაური აღმოჩნდა
ტაბახმელაში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ბატალიონის ოცმეთაური აღმოჩნდა

ტაბახმელას ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაური აღმოჩნდა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„28 იანვარს პოლიციას მიმართა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის თ. ს.-ს ოჯახის წევრმა და განაცხადა, რომ თ.ს. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ, თ. ს.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სახის ძებნის ღონისძიებები ჩაატარა, გადამოწმდა საავადმყოფოები, დაკარგული პირის შესახებ ინფორმაცია დაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ოპერატიულ დანაყოფს, შეიქმნა სამძებრო საქმე.

3 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, მაშველებთან ერთად, დაათვალიერეს დაბა კოჯორში, გ. ანწუხელიძის სახ. სერჟანტთა სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი.

4 თებერვალს დაბა ტაბახმელის ტყეში, მოქალაქემ, რომელიც ცხვრის ფარას მწყემსავდა, თ.ს. გარდაცვლილი იპოვა (ხეზე იყო ჩამომხრჩვალი). ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა“, – აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილება გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.