კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბე“ არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა
კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბე“ არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული „ბე“ არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ურბანული სამსახურის უფროსი გიორგი ებანოიძე, სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, გამგეობის წარმომადგენლები და კოჯორსა და შინდისში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები დაესწრნენ. საჯარო განხილვის მიზანს, მოსახლეობისთვის პროექტის გაცნობა და მათი მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა.

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი ებანოიძის თქმით, მთლიანობაში, პროექტი მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელთა საცხოვრებელი არეალის საგრძნობ გაუმჯობესებას და სამშენებლო ნებართვების აღების პროცედურის გამარტივებას, ასევე, დედაქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას.

„საპროექტო ტერიტორიების დაგეგმარებით, გვინდა, რომ მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემოს ფორმირება მოვახდინოთ. დღეს კი, ეს ტერიტორიები, ძირითადად, გაუნაშენიანებელია და ხასიათდება ქაოტურად დარეგისტრირებული, შეუსაბამო მიწის ნაკვეთებით, რომელთა უმეტესობაც არ არის უზრუნველყოფილი მისასვლელი გზით, სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურით. აღნიშნული ტერიტორიების ქაოტური განვითარება წლების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება ქალაქს და საჭიროებს შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა გიორგი ებანოიძემ.

2019 წლის 15 მარტს დამტკიცებული, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, განისაზღვრა 11 პირველი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალი. ამ არეალებიდან ერთ-ერთია კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიები, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 2 277 ჰექტარს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული არის „ა“ და „ბე“ არეალები. ამ ეტაპისთვის, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და დააგეგმარა „ბე“ არეალი.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიებზე დაიგეგმა ქუჩათა ქსელი, საინჟინრო ინფრასტრუქტურის ძირითადი ქსელი, სოციალური და საჯარო სივრცეები, განისაზღვრა კონკრეტული გეგმარებითი არეალები და მათი სამშენებლო განვითარების სპეციალური პირობები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ყველა შენიშვნისა და წინადადების გათვალისწინების შემდგომ, პროექტი დასამტკიცებლად უკვე საკრებულოში გადაიგზავნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი კვირის განმავლობაში, დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].