„კოდას“ წარმოების დირექტორი - წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე იმატებს
„კოდას“ წარმოების დირექტორი - წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე იმატებს

„კოდას“ წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი აცხადებს, რომ წლიდან წლამდე უარესდება მათი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში.

როგორც გიორგი ავალიანმა სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა, კვერცხთან მიმართებით წლიდან წლამდე იმატებს ე.წ. ქეშბექი.

„რაც შეეხება პროცესებს ქსელურ მარკეტებთან მიმართებით, ჩვენი გაყიდვების 90 პროცენტი მოდის ქსელურ მარკეტებზე. დისტრიბუციას დარგში ჩვენ თვითონვე ვაკეთებთ, დისტრიბუციის მომსახურებას ჩვენ ვუწევთ. კომპანიის მარჟა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტაბილურად არის 10 პროცენტი. პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე იმატებს. დღევანდელი მოცემულობით, კვერცხთან მიმართებით 22-დან 25 პროცენტამდე მერყეობს ქეშბექი ქსელურ მარკეტებთან. ზოგადად ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა. ვიხდით ყოველი ახალი მაღაზიის გახსნის მოსაკრებელს – 500, 1 000, 2 000 და 3 000 ლარამდეც ადის, როცა ჰიპერმარკეტებს ვეხებით. ერთჯერადი გადასახადია, ოღონდ შეიძლება, ქსელური მარკეტი გაფართოვდეს და რვა ან ათი ობიექტი გახსნას, შესაბამისად, ათჯერ მეტი თანხა მაქვს გადასახდელი“, – აღნიშნა გიორგი ავალიანმა.

ამასთან, „კოდას“ წარმოების დირექტორის თქმით, მათი მხრიდან მოხდა ფასის კლება და არ სურთ ფასის კლება მხოლოდ მწარმოებლის ხარჯზე.

გიორგი ავალიანი ამბობს, რომ საჭიროა კომპლექსური მუშაობა და მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში ჩაერთონ.

„ბატონო თავმჯდომარევ, თქვენ მიერ დასმულ საკითხებს ასი პროცენტით ვეთანხმებით. პრობლემები ზუსტად დაინახეთ. ჩვენი კომპანიის სახელით მინდა, გითხრათ, რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია, გახსნილი რიცხვებით ვიყოთ ჩართული ამ პროცესში. ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და არ გვინდა, იყოს მარტო მწარმოებლის ხარჯზე. ამისთვის კომლექსური მუშაობაა საჭირო, შესაბამისად, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიყოთ ჩართული“, – განაცხადა გიორგი ავალიანმა.