კობი-გუდაურის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა, დღის ბოლომდე აღდგეს
კობი-გუდაურის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა, დღის ბოლომდე აღდგეს

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა განაცხადა, ამ ეტაპზე  ტრანსპორტის მოძრაობა კობი-გუდაურის მონაკვეთზე შეზღუდულია, ადგილი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს და გზის გაწმენდის სამუშაოებზე ნებართვა გასცეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის მიზნით სამუშაოები უკვე დაწყებულია, რაც მათი ვარაუდით დღის ბოლომდე დასრულდება. დილიდან შეფერხებები მოიხსნა გომბორის უღელტეხილზე, ფონიჭალა-მარნეული-გოგუთის გზასა და სხვა მიმართულებებზე, სადაც უხვმა ნალექმა გართულებები შექმნა,

„ამ ეტაპისთვის შეზღუდვები ფიქსირდება კობი-გუდაურის მონაკვეთზე. დილით განხორციელდა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დათვალიერება, მოგვეცა ნებართვა გზის გაწმენდის სამუშაოების 99 კილომეტრამდე, რაც უკვე კონტრაქტორის მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს სამუშაოები, რათა გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აღდგეს. დაწყებული გვაქვს სამუშაოები და შესაძლოა, მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგეს. ამჟამად სხვა მიმართულებებით შეზღუდვები არ ფიქსირდება, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი ტექნიკური მარილის მოყრა. სხვა მიმართულებებით დილიდან შეზღუდვები მოიხსნა გომბორსა და სხვა მიმართულებებზე“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა.