კობა ნაყოფია - ზუგდიდში ვითარებას ზემოდანაც გავაკონტროლებთ, ტექნოლოგიების საუკუნეა და გვაქვს ყველა საშუალება
ზუგდიდში შუალედურ არჩევნებზე ვითარებას ზემოდანაც გავაკონტროლებთ, ტექნოლოგიების საუკუნეა და გვაქვს ყველა ტექნიკური საშუალება, – ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კობა ნაყოფიამ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან განაცხადა, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია გამართა.
„გუშინ უნდოდათ, შედეგები წინასწარ დაეწერათ და თქვენთვის ხმები მოეპარათ. არ გამოუვიდათ და არაფერი გამოუვათ. ხშირად გეუბნებით, რომ 5 000 დამკვირვებელი გვეყოლება. გაერთიანებული ოპოზიციის 5 000 წევრი იდგება უბნებზე. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ უბანში შიგნით, გარეთაც და უფრო მეტსაც გეტყვით – ზემოდანაც გავაკონტროლებთ. ყველა მათი გადაადგილება გვეცოდინება. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა და ჩვენ გვაქვს ყველა ტექნიკური საშუალება, რომ ისინი გავაკონტროლოთ ბოლომდე. არ მოვაპარინებთ ზუგდიდელების ხმებს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ამასთან, კობა ნაყოფიამ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს ქურდი უწოდა. ნაყოფიამ განაცხადა, რომ მირანდა მესხი „ზუგდიდელების ხმების ქურდია და მას აუცილებლად გაასამართლებს“.
„ეს შენობა საერთოდ არ ასახავს იმას, რაც აწერია. ეს არის ჩვეულებრივი „ქართული ოცნების“ ოფისი. აქ ზის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მირანდა მესხი, რომელიც წლების განმავლობაში იპარავს თქვენს ხმებს ისევე, როგორც მისი ხელმძღვანელი თამარ ჟვანია იპარავს მთელი საქართველოს ხმებს. ქურდი აუცილებლად იჯდება ციხეში. ის პარავს ადამიანს ყველაზე დიდ ღირებულებას – გამოხატვის თავისუფლებას, ხმას. გუშინაც დავპირდი და დღესაც ვპირდები, რომ თუ ისინი არ გადააყენებენ მას, ჩვენ ამ ქალბატონს აუცილებლად გავასამართლებთ, რადგან ის არის ზუგდიდელების ხმების ქურდი. ჩვეულებრივი ქურდია“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
აქციაზე აცხადებდნენ, რომ საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი ცესკო-ს დავალებას ასრულებს. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ახსნა-განმარტება, რატომ გაიტანეს გუშინ ამომრჩევლის სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭედი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს განაცხადეს, რომ ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნების დარღვევას. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარსა და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს, ამის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ 50-მდე უბანზე გატანილი იყო სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა. მესხის განცხადებით, მას კანონი არ დაურღვევია.