კობა ნაყოფია - ვიდრე მელია იჯდება ციხეში, ხელმოწერაზე საუბარი ზედმეტია, არც განვიხილავთ
კობა ნაყოფია - ვიდრე მელია იჯდება ციხეში, ხელმოწერაზე საუბარი ზედმეტია, არც განვიხილავთ

ვიდრე ნიკა მელია იჯდება ციხეში, ხელმოწერაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია, არც განვიხილავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ხელმოწერის ცერემონიამდეც და ამის შემდეგაც არ შეცვლილა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, ვიდრე ნიკა მელია იჯდება ციხეში, ხელმოწერაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია, არც განვიხილავთ არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერას, ვიდრე ნიკა მელია იჯდება ციხეში“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კითხვაზე: „თქვენი მარტივი პოზიცია რატომ არის გაუგებარი ევროპარლამენტარი კოლეგებისთვის, გუშინ იყო რუსულ კონტექსტზეც საუბარი, რატომ ისმის პარტიის ქმედებების მიმართ კითხვის ნიშნები, რომ სტრატეგია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, შესაძლოა, კრემლის ინტერესებზე ასხამდეს წყალს“, ნაყოფიამ განაცხადა:

„რუსული კონტექსტი მოიკითხეთ „ქართულ ოცნებაში“, რომელიც აბსოლუტურად გაძეძგილია რუსეთზე მიბმული ადამიანებით. ნიკა მელია არის ციხეში. გაუშვან და ვილაპარაკოთ“, – აღნიშნა ნაყოფიამ.

სამმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა, ვიოლა ფონ კრამონმა და სვენ მიქსერმა გაავრცელეს ერთობლივი  განცხადება და დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს მოუწოდეს, გამოიჩინონ გამბედაობა და იმოქმედონ საქართველოს კეთილდღეობისთვის.

„ჩვენ მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და იმოქმედონ საქართველოს კეთილდღეობისთვის, რათა პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოდ დარჩეს წარსულში“, – აღნიშნულია განცხადებაში.