კობა ნაყოფია - სააკაშვილს არაფერი გამოუყენებია პირადი გამდიდრებისთვის, ეს ყველამ იცის, წარდგება სასამართლოზე, ამხელს დანაშაულში დღევანდელ ხელისუფლებას და საინტერესო რაღაცებს მოისმენთ
კობა ნაყოფია - სააკაშვილს არაფერი გამოუყენებია პირადი გამდიდრებისთვის, ეს ყველამ იცის, წარდგება სასამართლოზე, ამხელს დანაშაულში დღევანდელ ხელისუფლებას და საინტერესო რაღაცებს მოისმენთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არაჩვეულებრივ პოლიტიკურ ფორმაშია და დარწმუნებულია მისი, ასევე ქართველი ხალხის გამარჯვებაში.

„მიხეილ სააკაშვილი ძალიან მადლიერია აქაური მედპერსონალის. ის არის არაჩვეულებრივ პოლიტიკურ ფორმაში, ძალიან კარგად ფლობს სიტუაციას, რაც დღეს არის საქართველოში. დარწმუნებულია მისი და ქართველი ხალხის გამარჯვებაში.

იცით იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომელიც დაემუქრა მიხეილ სააკაშვილს, თუ ისევ აქციებს მოვაწყობთ, მას გადაიყვანენ ისევ გლდანის ციხეში. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, მოვიდნენ, გამართონ აქცია. გუშინ, როდესაც სააკაშვილს ასამართლებდნენ დარღვევაზე, თქვენ ალბათ დაინახეთ, როგორ არბევდნენ სამართალდამცველები მშვიდობიანად მისულ ადამიანებს, როგორ ასხამდნენ მათ წიწაკის სითხეებს. ამიტომ, რაც უფრო მეტი ვიქნებით, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, ნაკლები იქნება მათი მხრიდან აგრესია“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, რომ შემდეგ პროცესზე მივიდნენ.

„მას აქვს მოლოდინი, რომ პროცესს დაასწრებენ. ის აუცილებლად წარსდგება ამ პროცესზე. ის ძალიან სერიოზულად ემზადება ამ პროცესისთვის. ვის მიაჩნია ეს საქმე სერიოზულად, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. პიჯაკების თემა უკვე სასაცილო გახდა. კაჩინსკის ვენოკზე, იუშენკოს საპონზე იყო საუბარი. ის გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი და ისევე როგორც სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, აქვს შესაძლებლობა, იმოგზაუროს და ასე შემდეგ. არაფერი მიხეილ სააკაშვილს არ გამოუყენებია პირადი მოხმარებისთვის და პირადი გამდიდრებისთვის, ეს ყველამ იცის. ცხრა პროკურორი ჩამოიყვანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ეძებდნენ მის ანგარიშებს მთელ მსოფლიოში, ვერაფერი დაამტკიცეს. ის წარდგება სასამართლოზე. ის ამხელს დანაშაულში დღევანდელ ხელისუფლებას და ძალიან საინტერესო რაღაცებს მოისმენთ“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს, კობა ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ყველა კითხვას პასუხი გასცა.

კობა ნაყოფიას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: „იცოდა თუ არა სააკაშვილმა, 7 ნოემბერს რა ხდებოდა და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ 9 მილიონის გაფლანგვას თემურ ჯანაშიას დააბრალებს“.

„თანხების გაფლანგვა მოიკითხეთ „ქართულ ოცნებაში“. ასობით მილიონს იპარავენ ყოველწლიურად. „ქართული ოცნებისნაირი“ კორუმპირებული ხელისუფლება არ ყოლია არავის მსოფლიოშიც. მილიონებს იპარავენ. ჯერ ეს გამოვიძიოთ. „ქართული ოცნება“ თითოეული მოქალაქის ჯიბით იპარავს მილიონობით ლარს ყოველდღე. ნახეთ ტენდერები, შემომწირველები. არავის არაფერი არ გაუფლანგავს. ჯანაშიას შავს ვერაფერს დააბრალებენ. მოუსმინეთ ორ დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

რაც შეეხება კითხვას დაუმორჩილებლობის კომიტეტების შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით, კობა ნაყოფიას განმარტებით, ამაზე საუბარი იყო.

„იყო საუბარი, გადადგმული იქნება შემდგომი ნაბიჯები და ამაზე დეტალურად შემდეგ მოგახსენებთ“, – დასძინა კობა ნაყოფიამ.