„სპეცოპერაცია რომ დაჩქარებულიყო, სპეცდანიშნულების რაზმში მეტი მსხვერპლი იქნებოდა“
„სპეცოპერაცია რომ დაჩქარებულიყო, სპეცდანიშნულების რაზმში მეტი მსხვერპლი იქნებოდა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის მოსაზრებით, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის მსვლელობა რომ დაჩქარებულიყო, გაცილებით მეტი მსხვერპლი თვით სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობაში იქნებოდა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კობა ნარჩემაშვილმა სპეცოპერაციის შედეგად დაღული სპეცრაზმელის ვანო გოლოშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„ვფიქრობ, რომ სპეცოპერაციის გაშუქებისას როგორც პრესას, ასევე პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, რადგან საქმე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება, რომელსაც პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს. დროში გაგრძელებული ოპერაცია რომ არა, შესაძლებელია, ძალიან დიდი მსხვერპლი ყოფილიყო, რადგან ოპერაცია ძალიან მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ტარდებოდა. ასეთი ოპერაციების შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ასეთი მსხვერპლი ავიცილეთ. ოპერაციის მსვლელობა რომ დაჩქარებულიყო, თვით სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობაში იქნებოდა გაცილებით მეტი მსხვერპლი და არა – ერთი და ორი“, – აღნიშნა ნარჩემაშვილმა.

დეპუტატის თქმით, დაღუპულების იდენტიფიცირება მოხდება და საზოგადოებას მეტი მოთმინება მართებს.

„საგამოძიებო ორგანოებს უნდა აცადონ. უამრავი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი და ამის შემდეგ შეგვიძლია შეფასებები გავაკეთოთ“, – დასძინა ნარჩემაშვილმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.

სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის სტაბილურია.

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.