კობა ნარჩემაშვილი - პირს, რომელიც მთავარ პროკურორად დაინიშნება, ამ სისტემის მთლიანად შეცვლის აუცილებლობა უნდა ესმოდეს
ჩემს მთავარ პროკურორად არჩევის შესაძლებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი მთავარ პროკურორად მისი შესაძლო არჩევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემა რეფორმირებას საჭიროებს და ამ სისტემის ნაკლოვანებები ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმემ ცხადყო.
„ამ შესაძლებლობას, სიმართლე გითხრათ, ახლა ვერ ვხედავ, ამ ეტაპზე. ნებისმიერი პიროვნება, ვინც იქნება დასახელებული, მთავარ პროკურორად მხარდაჭერილი, არ უნდა გახდეს იმ სტერეოტიპების მსხვერპლი, რომელიც დღეს მუსირებს საზოგადოებაში“, – განაცხადა მან.
ნარჩემაშვილის შეფასებით, პირს, რომელიც მთავარ პროკურორად დაინიშნება, უნდა ესმოდეს, რომ შესაძლებელია თვით პროკურატურის უფლებამოსილებების ხარჯზე მოხდეს მთელი სამართალწარმოების სისტემის ტრანსფორმირება. ასევე, მას უნდა ესმოდეს, აღნიშნული სისტემის მთლიანად შეცვლის აუცილებლობა.
ამასთან, მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკური პარტიები მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის პოლიტიზებას ცდილობენ.