კობა კობალაძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ ჯარისკაცი, ოფიცერი გასამართლებულიყოს თავისი სამშობლოს დაცვისა და სამშობლოს ტერიტორიაზე ოკუპანტთან ბრძოლისთვის
კობა კობალაძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ ჯარისკაცი, ოფიცერი გასამართლებულიყოს თავისი სამშობლოს დაცვისა და სამშობლოს ტერიტორიაზე ოკუპანტთან ბრძოლისთვის

ისტორიას არ ახსოვს, რომ ჯარისკაცი, ოფიცერი გასამართლებულიყოს თავისი სამშობლოს დაცვისა და სამშობლოს ტერიტორიაზე ოკუპანტთან ბრძოლისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლო განიხილავს თემასა და სარჩელს, რომელიც ეთნიკურ წმენდას შეეხება.

„აბსურდი და სიბრიყვეა ამაზე აპელირება. არცერთი ჯარისკაცი და ოფიცერი არასდროს, ისტორიას არ ახსოვს, გასამართლებულიყოს სამშობლოს დაცვის, სამშობლოს ტერიტორიაზე აგრესორთან და ოკუპანტთან ბრძოლისთვის. ეს ნიშნავს, რომ თითოეული განაცხადი ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, არის განაცხადი ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ. ჰააგის სასამართლო განიხილავს თემასა და სარჩელს, რომელიც შეეხება ეთნიკურ წმენდას და სხვა არაადამიანურ მოპყრობებს. არის სხვა – მეორე პირობა, რამდენად ადეკვატური იყო იმ დროისთვის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ყველანაირად ცდილობდა თვალზე ლიბგადაკრულს ევლო. ჯერ ატეხეს გნიასი და მერე მოხდა ის, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ სულ მცირე მასპინძლის როლში, ენის მოჩლექით ესაუბრებოდნენ ოკუპანტებს. ამავე დროს, იყო თემა, როდესაც ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრები არ იყო გადმოსვენებული საომარი მოქმედებების ზონიდან და მათ მოუვიდათ აზრი, რუსთაველზე გამარჯვების კონცერტი გაემართათ. რაც შეეხება თემების აპელირებას, ვინ დაიწყო ომი, რა დაიწყო – ვინც დაიწყო ეს ყველასთვის ნათელია. ჩვენ არავის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ. არავის ტერიტორიის ოკუპირების გონებაში არ გაგვივლია. ჩვენ შევეჩეხეთ იმას, რომ ქვეყნის ტერიტორია არის ოკუპირებული და აგრესია გამოვლინდა“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

როგორც კობალაძემ აღნიშნა, ის, რაც დღეს ქართველ ხალხს სიმწრით აქვს მოპოვებული, ვიღაცას უნდა, რომ ერთი ხელის მოსმით გადაიბაროს.

„მეორე საკითხი, რომელ საკითხსაც გაურბის ყოფილი ხელისუფლება – რამდენად ადეკვატური იყო მოქმედებები და ის მზაობა, თუ რამდენად ადეკვატურად მოხდა ჩვენი მხრიდან ამ პროცესის დაპირისპირება. მე დღემდე ვსაუბრობ და ვერავინ მიმტიკიცებს, რომ ეს არ იყო კარგად შენიღბული გადაბარების ოპერაცია, რადგან ის ისტერია, რომელიც მაშინ ვლინდებოდა, ის ქმედებები, რომელიც დღეს ვლინდება, რამდენადაც ვიღაცას არ უნდა, დასწამონ რუსული პოლიტიკის ლობირება, ზუსტად ამ მიმდინარეობას ვუყურებ. ეს არის ხავერდოვანი პროცესი, რუსეთის გავლენების საქართველოში ფეხმოკიდება. რეალურად, არ ვართ გამოუცდელები, ანალიზის საკმარისი უნარი აქვს ჩვენს ერს და ის, რაც დღეს სიმწრით, ჭიდილით თუ ვაებით გვაქვს მოპოვებული, ერთი ხელის მოსმით ვიღაცას უნდა, გადაიბაროს. ეს არ მოხდება“, – განაცხადა კობალაძემ.