კობა ხაბაზი – საქართველოს უახლეს პერიოდში, კიდევ უფრო შორეულ წარსულში, არ ჰყოლია სააკაშვილის მსგავსი ლიდერი, მრცხვენია, რომ ვერ შევძელი, მიშა თავისუფალი ყოფილიყო
მრცხვენია ჩემი უსუსურობის, რომ ხუთი წლის განმავლობაში ვერ შევძელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ხაბაზმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ლიდერი უახლოეს პერიოდში საქართველოს არ ჰყოლია.
„მეგობრებო, აქ ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ხუთი წელია გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია. ჩემთვის ეს ხუთი წელი არის ჩემი სირცხვილის ხუთი წელი. მე მრცხვენია, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ვერ შევძელი, მიშა ყოფილიყო თავისუფალი. ვერასდროს ვერ მოვისვენებ, ვერ ვიქნები მშვიდად, ვიდრე მიშა იქნება პატიმრობაში. ყველა ჩვენგანს გვაქვს ვალი მიშასთან, რომ მან ჩვენი სამშობლო ჭაობიდან ამოიყვანა. მე მაქვს პირადი ვალი მიშასთან. ფაქტობრივად, მე აჭარიდან გამოგდებული ვიყავი ასლან აბაშიძის რეჟიმის მიერ და რომ არა მიშა, იქ ვერ დავბრუნდებოდი.
ერთხელ მეგობარმა მკითხა, რატომ მიშა? დავფიქრდი და ვუპასუხე, იმიტომ, რომ ყველაფერი მახსოვს. ამ მარჯვენა ხელზე დაწერილი ციფრი 234. იცით, რას ნიშნავდა ეს ციფრი, რომელიც დღესაც დაღივით მეწვის. ეს ნიშნავდა, რომ ღამის 05:00 საათზე პატარა ბავშვი მშიერი რომ მყავდა სახლში, დილით პური რომ მოვიდოდა, 234-ე ვიქნებოდი. გაიხსენეთ, შუქი რომ მოიდოდა, როგორ გადაურბენდა ტალღასავით თბილისს შემზარავი ხმა. ზუსტად ვხვდები, რომ ამისი გამოსწორება, ქვეყნის იმ ჭაობიდან ამოყვანა მხოლოდ მიშას შეეძლო. ამიტომ, ყოველთვის უპირობოდ ვამბობ, რომ დიახ, მიშა. საქართველოს უახლეს პერიოდში, კიდევ უფრო შორეულ წარსულში, არ ჰყოლია ისეთი ლიდერი, როგორიც მიშა“, – განაცხადა ხაბაზმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ რიყის პარკის ტერიტორიაზე აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.