კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში, დისკუსიაზე მდგრადი დაფინანსების თემაზე პრეზენტაცია გამართა
კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში, დისკუსიაზე მდგრადი დაფინანსების თემაზე პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მისი მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრას, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯინა ბეიკერი უძღვებოდა, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო განვითარებადი ბაზრების პროგრესს მდგრადი დაფინანსების კუთხით და მდგრადი საბანკო ქსელის ყოველწლიურ გლობალურ და წევრი ქვეყნების ინდივიდუალური ანგარიშების გამოქვეყნებას. მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე გამოწვევები მდგრადი დაფინანსების განვითარების კუთხით და ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელობაზე არამარტო ფინანსური სტაბილურობის, არამედ ქვეყნის მდგრადი განვითარების კუთხითაც.

„დღითიდღე იზრდება იმ ცენტრალური ბანკების რიცხვი, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრაციას ახდენენ. ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქსელში გაწევრიანდა, აქტიურად მუშაობს. ამ ხნის მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ხელშესაწყობად“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უწყება აქტიურად განაგრძობს მუშაობას მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ხელშესაწყობად. 2019 წელს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. მსგავსი ტიპის ღონისძიება წელსაც იგეგმება.

„ამ და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების შედეგია საქართველოს პროგრესი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით, რის შედეგადაც საქართველო SBN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვსსაფეხურიან სისტემაში ორი საფეხურით დაწინაურდა“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

დატოვე კომენტარი