კობა გვენეტაძე - წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, რაც ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება
კობა გვენეტაძე - წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, რაც ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება

პანდემიის პირობებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომელიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია 1.6 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერის გამოთავისუფლება, რომელიც წინა წლებში გროვდებოდა.

„ეს რესურსი ბანკებს საშუალებას მისცემს პოტენციური ზარალები გაანეიტრალონ და ეკონომიკის დაკრედიტება არ შეაფერხონ. ჯამურად, საბანკო სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით კვლავ კომფორტული ზომის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, სრულად გამოთავისუფლდეს.

დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე. ასეთი თანმიმდევრული მიდგომების გარეშე ჩვენი საფინანსო სისტემა დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევას ვერ გაუძლებდა“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ჯანსაღი ფინანსური სექტორი პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება.

„თუ 2008 წელს პრობლემები ფინანსური სექტორიდან წამოვიდა, დღეს, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, ეს ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება. ჯანსაღი ფინანსური სექტორი არის ის ლოკომოტივი, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დატოვე კომენტარი