კობა გვენეტაძე - ვფიქრობთ, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს შემდეგი წლის მეორე კვარტალში დაუახლოვდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება, ვიდრე არ დავინახავთ, რომ მოლოდინები არის შებოჭილი
კობა გვენეტაძე - ვფიქრობთ, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს შემდეგი წლის მეორე კვარტალში დაუახლოვდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება, ვიდრე არ დავინახავთ, რომ მოლოდინები არის შებოჭილი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ეკონომიკური თვალსაზრისით, საკმაოდ სწრაფად იცვლება სიტუაცია რეგიონში.

მისივე თქმით, ეს ფაქტორი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე პროგნოზების გადახედვის აუცილებლობას აჩენს.

„დღევანდელი სიტუაცია სავსეა მოულოდნელობებით. ანუ გაურკვევლობის საკმაოდ მაღალი დონე არის შენარჩუნებული. ვგულისხმობ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონს და ზოგადად, გლობალურ სიტუაციას. ჩვენ, ეროვნული ბანკი როდესაც მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე ვმუშაობდით, თავდაპირველი ზრდის პროგნოზი გვქონდა ხუთი პროცენტი. ეს იყო ომამდე, რუსეთის შეჭრამდე. შემდეგ 3.5 პროცენტამდე შევამცირეთ. ასევე, ამის შემდეგ გავზარდეთ და ახლა ვფიქრობთ, 4.5 პროცენტი იქნება. ეს მეტყველებს, რომ საკმაოდ სწრაფად იცვლება სიტუაცია რეგიონში, მსოფლიოში, რაც პროგნოზების გადახედვის აუცილებლობას აჩენს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გამოწვევებს საკმაოდ კარგად უმკლავდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოქმედ ფაქტორებზეც ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე კვარტალში დაუახლოვდება.

„მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კრიზისი იყო, პანდემია თუ რუსეთის აგრესიული შეჭრა უკრაინაში, საქართველოს ეკონომიკა ამ გამოწვევებს საკმაოდ კარგად უმკლავდება. ანუ ის მედეგი არის ამ გართულებების მიმართ. ბევრი ფაქტორი მოქმედებს ინფლაციასთან დაკავშირებით. ეს არის გლობალური გამოწვევა. აქაც მაღალია გაურკვევლობის ხარისხი. უმრავლეს შემთხვევაში, წელს ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები არის მიწოდების ფაქტორები, ხოლო მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნის ფაქტორებზე მოქმედებს. ამიტომ მაშინ, როდესაც საერთაშორისოდ იზრდება ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის ხორბალი, ზეთი და ნავთობი, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის ფასების ზრდას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდა, ჩვენ გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა. დღევანდელი პროგნოზით, ვფიქრობთ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს შემდეგი წლის მეორე კვარტალში დაუახლოვდება. ტრაექტორია, რომელიც გვქონდა ომამდე და რომლის მიხედვით დღეს უკვე ინფლაცია ერთციფრა უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ არ განხორციელდა. არ განხორციელდა ისევ და ისევ იმ მოვლენების გამო, რაც მოჰყვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, თუმცა მას ექნება დაღმავალი ტრენდი და მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება, ვიდრე ჩვენ არ დავინახავთ, რომ ეს მოლოდინები არის შებოჭილი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.