კობა გვენეტაძე - ვადაგადაცილებული სესხების წილი პორტფელში მაღალი არ არის, რადგანაც ბანკები აკეთებენ რესტრუქტურიზაციას მსესხებლის შესაძლებლობების გათვალისწინებით
კობა გვენეტაძე - ვადაგადაცილებული სესხების წილი პორტფელში მაღალი არ არის, რადგანაც ბანკები აკეთებენ რესტრუქტურიზაციას მსესხებლის შესაძლებლობების გათვალისწინებით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ სესხების გადავადების საკითხზე ისაუბრა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, პანდემიის დასაწყისში, გადავადების პირველი ფაზის დროს მთლიანი პორტფელის 50 პროცენტზე მეტი სესხი გადავადდა.

„სესხების გადავადების პირველი ტალღის დროს, რომელიც ძირითადად მარტსა და აპრილში მოხდა, ბანკებმა ყველა მსესხებელს, ვისაც სურვილი ჰქონდა, გადაუვადეს სესხები. გადავადება მოხდა როგორც გადასახდელი პროცენტის, ასევე ძირი თანხის. შედეგად, პირველი ფაზის დროს პორტფელის 50 პროცენტზე მეტი გადავადდა. გადავადებაში იგულისხმება, რომ იმ პერიოდში მოხდა შეჩერება როგორც ძირის, ასევე საპროცენტო განაკვეთების.

რაც შეეხება გადავადების მეორე ტალღას, ივლისი-აგვისტოში ბანკებმა გადავადება უკვე ინდივიდუალური მიდგომით მოახდინეს იმ მსესხებლებისათვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ან შეუმცირდათ შემოსავალი სხვადასხვა მიზეზის გამო და საჭიროებდნენ ამ გადავადებას, გადავადების მეორე ფაზის დროს, პორტფელის 25 პროცენტზე მეტი გადავადდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე პერიოდში 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხების წილი პორტფელში მაღალი არ არის, ვინაიდან ბანკები აკეთებენ რესტრუქტურიზაციას.

„ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე პერიოდში 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხების წილი პორტფელში მაღალი არ არის, ეს არის 2.5 პროცენტი, რადგანაც ბანკები აკეთებენ რესტრუქტურიზაციას, ანუ უცვლიან მსესხებლებს გადახდის გრაფიკს, მსესხებლის შესაძლებლობების გათვალისწინებით. შედეგად, რესტრუქტურიზებული სესხების მაჩვენებელი გაიზარდა და ოქტომბრის მდგომარეობით, 11.6 პროცენტია.

ახლა რაც შეეხება ნეგატიურ სესხებს, ბუნებრივია, მისი წილი დამოკიდებული არის მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დღეს არსებული მონაცემებით, უმოქმედო სესხების წილი პორტფელში შეადგენს 7.6 პროცენტს, ეს გაზრდილია რა თქმა უნდა, პრეკოვიდამდე პერიოდში, როდესაც ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე ვიყავით და ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს კიდევ გაიზრდება. დღევანდელი გადმოსახედიდან მიგვაჩნია, რომ დაახლოებით 10 პროცენტს მიაღწევს ნეგატიური სესხების წილი“, – განმარტა კობა გვენეტაძემ.

დატოვე კომენტარი