კობა გვენეტაძე უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველსა და მის მოადგილეს შეხვდა
კობა გვენეტაძე უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველსა და მის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უკრაინის ეროვნული ბანკის (Національний банк України) მმართველს, კირილო შევჩენკოსა და მის მოადგილეს, სერგი ნიკოლაიჩუკს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეროვნული ბანკის ანტიკრიზისულ გამოცდილებას.

„უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ქართველ კოლეგას გააცნო მათ მიერ უკრაინის საფინანსო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გატარებული ზომები. შეხვედრისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სრულად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს 2022 წლის 27 თებერვალს უკვე მიეცათ. კობა გვენეტაძემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინელ კოლეგებს მხარდაჭერა და გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.