კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკის“ მომხმარებლის ინტერესები ზუსტად იმავე ხარისხითაა დაცული, როგორც აქამდე იყო
კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკის“ მომხმარებლის ინტერესები ზუსტად იმავე ხარისხითაა დაცული, როგორც აქამდე იყო

„თიბისი ბანკის“ მომხმარებლის ინტერესები ზუსტად იმავე ხარისხითაა დაცული, როგორც აქამდე იყო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საკითხზე კომენტირებისას.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი, როგორც რეგულატორი „თიბისი ბანკთან“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან დაკავშირებულ ინფორმაციას რაც შეეხება, ვფიქრობ, კითხვები, რომელიც გაქვთ, უმჯობესია, დაუსვათ საგამოძიებო ორგანოებს. რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, მოგეხსენებათ, ჩვენ ბანკთან ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც რეგულატორი. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ბანკი არის ერთ-ერთი ჯანსაღი და ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი და ბანკის მომხმარებლის ინტერესები, ზუსტად იმავე ხარისხითაა დაცული, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ საკითხზე მას ძალიან ვრცელი მოხსენება ჰქონდა.

„ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით. ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს“ შორის ამ წუთში და უკვე დიდი ხანია, არანაირი დავა არ არსებობს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, როგორც ფიზიკურმა პირებმა მიმართეს სასამართლოს. ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შეფასებას არ გააკეთებს. რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, რომელიც არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სუბიექტი, უკვე აღვნიშნე, რომ „თიბისი ბანკთან“ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში ვართ“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მისი შეფასებით, „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ერთ-ერთი ჯანსაღი და ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი და რამე მაჩვენებელს ან მის ფინანსურ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.