კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკის“ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტი იყო
კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკის“ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტი იყო

ეროვნულ ბანკში ჩემი მოსვლის შემდეგ და მანამდეც, „თიბისი ბანკის“ ზედამხედველობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა საკითხები იყო, – ამის შესახებ კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამო ბოლო წლებში ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება, თუმცა ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. „თიბისი ბანკში“ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ჩვენ, პირველ რიგში, სამეთვალყურეო საბჭოს გაძლიერებითა და დამოუკიდებელი წევრების როლის გაზრდით ვცდილობდით. სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც საბჭო ჯეროვნად ვერ ახერხებდა თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო. ეს ყველაფერი 2018 წლის შემოწმებით არ დაწყებულა. ეს დაიწყო გაცილებით ადრე და 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.