კობა გვენეტაძე - არასწორია ინფორმაცია, თითქოს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, გზავნილის მიმღებებსა და უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს სესხზე წვდომა შეეზღუდათ
კობა გვენეტაძე - არასწორია ინფორმაცია, თითქოს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, გზავნილის მიმღებებსა და უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს სესხზე წვდომა შეეზღუდათ

ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15 პროცენტის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, საბანკო რეგულაციებზე საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკრედიტო ზრდაში  2/3 სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა, ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ – 1/3.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში,  მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია. მისი სარგებელი კი, ეკონომიკისთვის მცირეა.

„ჩვენი გათვლაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით, ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა (SME) და სხვა ბიზნეს სესხები. ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15 პროცენტის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნესსექტორზე მოვა. შესაბამისად, ბიზნეს დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით მაღალი ეფექტი ექნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ  არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებს და უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ. მისი თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„თუკი მსესხებელს რამე ტიპის, ფორმალური ან არაფორმალური, შემოსავალი გააჩნია – ვიმეორებ, ფორმალური ან არაფორმალური, იგი ამ შემოსავლების ფარგლებში შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას, თუკი სესხის გამცემ ორგანიზაციას შემოსავლისა და მისი წყაროს შესახებ  ინფორმაციას მიაწვდის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.