კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის შთამბეჭდავი იყო არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომელთა ცოდნის დონე, რომელთაც რეფორმების განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით
კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის შთამბეჭდავი იყო არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომელთა ცოდნის დონე, რომელთაც რეფორმების განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურებოდა არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას.

„მისიამ მხარი დაუჭირა მიკრო სესხების სექტორისთვის ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზებულ ახალ სტრუქტურას, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნულ ბანკს პოლიტიკის მიზნების მიღწევაში. ახალმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გაწმინდა სექტორი სიცოცხლისუუნარო კომპანიებისგან და გააუმჯობესა მიკროსაფინანსო სეგმენტის რეპუტაცია. ბოლოდროინდელმა გაუმჯობესებულმა რეგულაციებმა და საზედამხედველო მიდგომებმა ნაწილობრივ შეამცირა ის მოწყვლადობა და რისკები, რომლებიც არასაბანკო სექტორში არსებობდა“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის პრუდენციული რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერების საქმეში.

„მიკროსაფინანსო სექტორის ზედამხედველობის წინსვლა ხელს უწყობს ამ ორგანიზაციების რეპუტაციის ამაღლებასა და სანდოობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთათვის. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რჩება გარკვეული საკითხები და გამოწვევები სექტორის ამჟამინდელი სტრუქტურიდან გამომდინარე, მისი სტაბილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის თვალსაზრისით. სიამაყით აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიისთვის შთამბეჭდავი იყო არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომელთა ცოდნისა და ექსპერტიზის დონე, რომელთაც ამ რეფორმების განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს და კიდევ უფრო განვავითარებთ და გავაძლიერებთ არასაბანკო სექტორს“, – განმარტაკობა გვენეტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დოკუმენტში შეაფასა, რომელიც ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადდა და დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებები არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას ემსახურება.

დატოვე კომენტარი