კობა გვენეტაძე - შეუძლებელია იმის გარკვევა, ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება ან გამყარება
კობა გვენეტაძე - შეუძლებელია იმის გარკვევა, ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება ან გამყარება

შეუძლებელია იმის გარკვევა, ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება ან გამყარება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია, რომელიც პატარა ქვეყნებისთვის ოპტიმალურია.

„საქართველოში გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლევადიან პერიოდში დამახასიათებელი არის რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა თუ ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება, ან გამყარება. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ოპტიმალური გაცვლითი რეჟიმი პატარა ზომის ქვეყნისათვის, რომელსაც აქვს გახსნილი ეკონომიკა. ეს არაერთხელ აღინიშნა, როგორც სარეიტინგო კომპანიების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომ მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება, რათა ნებისმიერი შოკი რომელიც შეიძლება მოხდეს, ეკონომიკამ შეიწოვოს. ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსის რაიმე ნიშნული მაჩვენებელი არ გააჩნია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.

„ჩვენი მთავარ საზრუნავი არის ინფლაცია და აქ გაცილებით მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. ინფლაცია საქართველოში დაბალია. დღესდღეობით რაც გვაქვს, ეს არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. როგორც მოგეხსენებათ, წლიური ინფლაცია 2.7 პროცენტია. ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ“, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.