კობა გვენეტაძე - შემდეგ წლებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტი იქნება
კობა გვენეტაძე - შემდეგ წლებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტი იქნება

ეკონომიკისთვის დამაზიანებელია, როგორც მაღალი ინფლაცია, ასევე დეფლაცია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, რაც ძირითადად, ქვეყნების ამ ჯგუფში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპით აიხსნება.

„განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოდ 1-2 პროცენტს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 2-4 პროცენტის ფარგლებშია“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან, ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებისა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად იზრდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობებიც, რათა ინფლაცია ოპტიმალურ დონეზე იყოს შენარჩუნებული.

„აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან სამიზნე მაჩვენებელი 3 პროცენტამდე შემცირდა და შემდგომი წლების განმავლობაში, საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტი იქნება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.