კობა გვენეტაძე - სებ-მა გადაწყვიტა, მონეტარული პოლიტიკა გაემკაცრებინა, თუნდაც ამას მოჰყოლოდა ადგილობრივი სუბიექტებისთვის დაფინანსების პირობების გამკაცრება ან კრედიტის გაძვირება
კობა გვენეტაძე - სებ-მა გადაწყვიტა, მონეტარული პოლიტიკა გაემკაცრებინა, თუნდაც ამას მოჰყოლოდა ადგილობრივი სუბიექტებისთვის დაფინანსების პირობების გამკაცრება ან კრედიტის გაძვირება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვა იკვლევს იმ ძირითადი პრობლემების გავლენას ეკონომიკაზე, რომლის წინაშეც დგას რეგიონი. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მიმოხილვაში მოცემულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელი პროგნოზი და ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს გაუმკლავდნენ არა მხოლოდ მოკლევადიან გამოწვევებს, არამედ შექმნან მყარი საფუძველი ტრანსფორმაციული აღდგენისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ეროვნული ბანკის ორგანიზებით ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეებთან ერთად აღნიშნული კვლევის შესახებ ისაუბრა. მან მიმოიხილა რეგიონის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევები და ყურადღება გაამახვილა ინფლაციასა და აშშ – ის მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ზეგავლენაზე.

​„ახალმა რეალობამ ინფლაციის ომამდელი პროგნოზების აღმავალი მიმართულებით გადასინჯვა გამოიწვია. გლობალური მასშტაბით მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსის გაუარესების გამო, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე საწვავისა და სურსათის ფასებმა მკვეთრი მატება განიცადა, რაც საქართველოში სამომხმარებლო ფასების მატებაზე უკვე აისახა. მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში მაღალი ინფლაციის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ მოსალოდნელია კაპიტალის შემოდინებაზე, ინვესტიციებსა და ობლიგაციების შემოსავლიანობაზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს, ზეწოლა იქონიოს რეგიონის ადგილობრივ ვალუტაზე, ხელი შეუწყოს საპროცენტო განაკვეთების ზრდას და ეკონომიკის აღდგენის ტემპის შენელებას. ასეთი არჩევანის წინაშე ვართ. თუმცა, რადგან ფასების სტაბილურობა მნიშვნელოვანი ამოცანაა და იმის გათვალისწინებით, რომ თუ ინფლაციის მოლოდინები ვეღარ იქნება კონტროლის ქვეშ, დისინფლაციის ხარჯი მაღალი იქნება, სებ-მა გადაწყვიტა, თავისი გადაწყვეტილებები ინფლაციის მხარეზე გადაეხარა და მონეტარული პოლიტიკა გაემკაცრებინა, თუნდაც ამას შედეგად ადგილობრივი სუბიექტებისთვის დაფინანსების პირობების გამკაცრება ან კრედიტის კრედიტის გაძვირება მოჰყოლოდა“, – განაცხადა გვენეტაძემ.