კობა გვენეტაძე - სავალუტო რეზერვების შესავსებად ინტერვენციებს მომავალშიც განვახორციელებთ  
კობა გვენეტაძე - სავალუტო რეზერვების შესავსებად ინტერვენციებს მომავალშიც განვახორციელებთ  

საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიან პერიოდში მერყეობა  ახასიათებს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რა ხდება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ინფლაციის დონე და ეკონომიკური ზრდა.

„ამ ეტაპზე, ზრდა არის კარგი და პროგნოზებიც საკმაოდ კარგია. ინფლაციაც დაბალია. ზოგადად, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორი, ვიდრე გაცვლითი კურსი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ დღეს განხორციელებულ ინტერვენციას, გვენეტაძის თქმით, ამის მიზანი სავალუტო რეზერვების შევსებაა.

„რაც შეეხება ინტერვენციას, ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია. მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე და ამიტომ, როდესაც ბაზარი საშუალებას მოგვცემს, ყოველთვის შევისყიდით უცხოურ ვალუტას, რათა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შევავსოთ.
რეზერვების გასაზრდელად მომავალშიც იქნება ასეთი ინტერვენციები“, – განაცხადა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.7146 იქნება. 9 ნოემბერს კი – 2.7505 ლარი იყო.