კობა გვენეტაძე - სავალუტო რეზერვების გამოყენება არ იყო დაგვიანებული, რეზერვების გამოყენება მაშინ უნდა მოხდეს, როცა ის ყველაზე ეფექტურად დაიხარჯება
კობა გვენეტაძე - სავალუტო რეზერვების გამოყენება არ იყო დაგვიანებული, რეზერვების გამოყენება მაშინ უნდა მოხდეს, როცა ის ყველაზე ეფექტურად დაიხარჯება

სავალუტო რეზერვების გამოყენება არ იყო დაგვიანებული, რეზერვების გამოყენება მაშინ უნდა მოხდეს, როცა ის ყველაზე ეფექტურად დაიხარჯება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში გაზრდილი ინფლაციის ფონზე ეროვნული ბაკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის მართებულობა და აქედან გამომდინარე გამოწვევები განიხილეს.

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ორჯერ გამკაცრებისა და სავალუტო ბაზარზე ორჯერ განხორციელებული ინტერვენციებისა, ინფლაციაზე ზეწოლა არ მოხსნილა და როგორც უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, ფასები გარკვეულ პროდუქტებზე ორნიშნა ციფრითაც კია გაზრდილი.

გვენეტაძის განმარტებით, ცენტრალური ბანკი მის ხელთ არსებული მონეტარული პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტს იყენებს და ინფლაცია აუცილებლად შემცირდება. თუმცა გვენეტაძემ აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, რომ ეროვნული ბანკი შეგნებულად არ იყენებდა ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვებს, რაც სიმართლეს არ შეეფერება.

„სავალუტო რეზერვების გაყიდვა არ იყო დაგვიანებული. რატომღაც ფიგურირებდა აზრი, რომ ეროვნული ბანკი არ ყიდის რეზერვებს, რაც ასე არ არის. რეზერვების გაყიდვას აქვს თავისი დროს, იმან უნდა შეძლებისდაგვარად იმოქმედოს და ეფექტურად დაიხარჯოს. ჩვენი პოლიტიკა ზუსტად აქეთ არის მიმართული, რომ მაშინ ჩავერიოთ, როდესაც ყველაზე ეფექტური იქნება. შეიძლება, გაკეთდეს ჩარევა, რომელსაც ეფექტი არ ექნება და ეს ნიშნავს, რომ ის მიზანი, რაც უნდა შესრულებულიყო, არ სრულდება და რეზერვიც იხარჯება. აქედან გამომდინარე, როდესაც ანალიზს ვაკეთებთ, ზუსტად ვადგენთ იმ კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა ზომების ნაკრებს, რაც ამ შემთხევაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში თავიდან იყო ინტერვენცია (სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის გატანა), მერე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება. ახლა უკვე სარეზერვო მოთხოვნების შემცირება. ზუსტად ეს არის ბერკეტები. ის რომ რაღაც გვაქვს, არ ნიშნავს, რომ აღარ შეიძლება შევცვალოთ“, – განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი